საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში, საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ იქადაგა. მისი თქმით, დღეს არის უძღები შვილის კვირიაკე. ილია მეორემ თქვა, რომ უძღები შვილის იგავი არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ კაცობრიობა განუდგება უფალს, მაგრამ ისე გაუჭირდება, რომ დაბრუნდება უკან როგორც უძღები შვილი.
,,მამაზეციერი არასდროს ტოვებს კაცობრიობას, ფიქრობს, ზრუნავს მასზე. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მწუხარება ხშირად თრგუნავს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ღვთის იმედი. მაცხოვარი ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა იპოვოს თავისი გზა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთისკენ. ეკლესია არის კარიბჭე სასუფევლისა. ღმერთმა ძალა და მადლი მოგვცეს, რომ ვპოვოთ ეს ჭეშმარიტი გზა. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი უძღები შვილი დაბრუნდეს თავის მამასთან",- განაცხადა პატრიარქმა.
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვა სიონის ტაძარში აღავლინა, სადაც დღეიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული.