სამორინე "ლეოგრანდის" თანამშრომლები საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძეს სპეციალური განცხადებით მიმართავენ და თხოვენ უზრუნველყონ ყველა შემაფერხებელი ფაქტორის მოხსნა, რათა მიეცეთ შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.
მათ განცხადებას "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
”ბათუმში მდებარე სამორინე „ლეოგრანდის“ 368 თანამშრომლის სახელით ვაცხადებთ, რომ უკვე ორ თვეზე მეტია გასული სასტუმროში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. გარდაცვლილთა შორის იყვნენ ჩვენი მეგობრები და ახლობლები. ისევე, როგორც საზოგადოების ყველა წევრი, ღრმა მწუხარებას გამოვქვამთ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს.
მომხდარის შემდეგ სამორინეს ფუნქციონირება შეჩერებულია. ჩვენ გაგვიშვეს უხელფასო შვებულებაში და გვემუქრება უმუშევრად დარჩენის რეალური საფრთხე. გაცნობებთ, რომ „ლეოგრანდი“ შავი ზღვის რეგიონში უდიდესი სამორინეა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენს დასაქმებას, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად 6 მლნ ლარამდე შემოსავალს. 400-მდე სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანის ერთიანად უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, შეუძლებლად მიგვაჩნია ბათუმში ჩვენი დასაქმების საკითხის გადაწყვეტა.
რამდენიმე დღის წინ, სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით შევიკრიბეთ სამორინესთან. ადმინისტრაციის განმარტებით, როგორც კი მათ მიეცემათ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა, ისინი მზად არიან დაუყოვნებლივ დაგვაბრუნონ სამსახურში, რაც ამჟამად ვერ ხერხდება სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების გამო.
ჩვენთვის ეს მიზეზი გაუგებარია, ვინაიდან გარდა საერთო მფლობელებისა, სასტუმროსა და სამორინეს არაფერი აკავშირებს. ისინი განლაგებული არიან ცალკე შენობებში და მხოლოდ საერთო შესასვლელი აქვთ. სასტუმროში მომხდარი ხანძრის დროს სამორინეს შენობაში არც ხანძარი და არც დაკვამლიანება არ ყოფილა, შესაბამისად არც არავინ დაშავებულა.
გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოთ ყველა შემაფერხებელი ფაქტორის მოხსნა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა დავუბრუნდეთ სამუშაო ადგილებს. თითოეული ჩვენთაგანის უკან ოჯახებია, უმეტესობას გვყავს მცირეწლოვანი შვილები. უმუშევრობის ყოველი დღე კიდევ უფრო ართულებს ჩვენ მდგომარეობას", - ნათქვამია განცხადებაში.