ნომერ მესამე ბავშვთა საავადმყოფოს ექიმის, თამარ გაბრიჩიძის განცხადებით, თბილისში მდებარე ბაგა-ბაღ „იმედიდან“ საავადმყოფოში გადაყვანილი სამივე აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პედიატრის განმარტებით, ბავშვების დახმარება ინფუზიის მიმართულებით განხორციელდა, მათ აღენიშნებოდა პირღებინება და სისუსტე.
ამჟამად სამივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
როგორც გუშინ, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა , კახა გვანცელაძემ განაცხადა, უცნობია, შემთხვევის მიზეზი, ვირუსული ინფექცია, იყო თუ საკვებით ინტოქსიკაცია. მისივე თქმით საკვების სინჯები აღებულია და გადაგზავნილი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ ხუთი აღსაზრდელი გუშინ შეუძლოდ გახდა.
ბაგა-ბაღში იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც, რომლებმაც შესაბამისი გამოკვლევა ჩაატარეს ადგილზე.