გურიაში მამას მესამე წელია 4 ბავშვი გარესამყაროს მოწყვეტილი ჰყავს. არასრულწლოვნები არც სკოლაში დადიან და სახლსაც თითქმის, არასდროს ტოვებენ.
"რუსთავი 2"-ის "კურიერში" გასული სიუჟეტის თანახმად, მშობელი თავის გადაწყვეტილებას სკოლაში წლების წინ დაწყებულ პრობლემებს უკავშირებს. საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული. საჩივარი იყო შესული სასამართლოშიც, მაგრამ ბავშვები ამ დრომდე სახლში არიან გამოკეტილი.
დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ ყველაფერი სცადეს თუმცა, ბავშვები სასწავლო პროცესს ვერ დაუბრუნეს.
როგორც ოჯახის ადვოკატმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, სასწავლო დაწესებულებაში ბავშვებს ჩაგრავდნენ. მშობლები პედაგოგებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი მიზეზად, ბავშვების მამის, ამირან შავიშვილის მიერ 2015 წელს სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით რესურსცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდება გახდა.
სიუჟეტის თანახმად, პროცესში თავიდანვე იყო ჩართული სოციალური სამსახური, რომელმაც ამირან შავიშვილს ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანა შესთავაზა თუმცა, მშობლებმა უარი განაცხადეს.
არსებული ინფორმაციით, გასულ წელს ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ ამირან შავიშვილს მამობის უფლება შეუზღუდა თუმცა, მალევე უკვე სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
ბავშვები ამ დრომდე გარესამყაროს არიან მოწყვეტილები და სკოლაში განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ.