საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, სასტუმრო "ლეოგრანდში" დასაქმებულ 500-მდე ადამიანს უმუშევრობა ემუქრება.
მათივე თქმით, 500 ადამიანის უმუშევრად დატოვების შემთხვევაში, ამდენი ადამიანის საშიმშილოდ გაწირვა ბათუმისთვის ახალი ტრაგედიის ტოლფასი იქნება.
"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, სოლიდარობას უცხადებს დასაქმებულებს და მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს დააჩქარონ საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე.
სასტუმრო ორი თვეა პარალიზებულია, თუმცა ორთვიანი შეჩერების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტის შესახებ საუბრის ნაცვლად, ცნობილი ხდება, რომ (საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის მოტივით) დასაქმებულებს უხელფასო შვებულებებში უშვებენ და შემდეგი ეტაპი შესაძლოა საერთოდ მათი დათხოვნა გახდეს. 500 ადამიანის უმუშევრად დატოვების შემთხვევაში, ამდენი ადამიანის საშიმშილოდ გაწირვა ბათუმისთვის ახალი ტრაგედიის ტოლფასი იქნება. ვთხოვთ ხელისუფლებას გულისყურით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს. სასტუმროს ადმინისტრაციას კი მოვუწოდებთ- უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, დაიწყოს ზრუნვა იქ დასაქმებულებზე, რომლებმაც ურთულესი დღეები საკუთარ თავზე გადაიტანეს და ახლა ახალი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ", - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
გუშინ, 25 იანვარს, სასტუმრო "ლეოგრანდის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათ ადგილობრივ მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართეს და განაცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გამო, უხელფასო შვებულებაში არიან.
შეგახსენებთ, სასტუმრო ”ლეოგრანდში” 2017 წლის 25 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.