კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა სამხრეთ კორეას აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო საზღვაო წვრთნების დაწყების გამო ბირთვული ომით ემუქრება.
ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო მზადაა, "ძლიერი ბირთვული შურისძიებისა" და "წმინდა ბირთვული ომის დასაწყებად" აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ.
"ეს იქნება წმინდა ომი ამერიკელ იმპერიალისტებთან და სამხრეთ კორეულ მარიონეტულ რეჟიმთან, რომლებიც განზრახ ამძაფრებენ ვითარებას კორეის ნახევარხკულძულზე", _ ნათქვამია ქვეყნის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ამავე დროს, ფხენიანი მიიჩნევს, რომ ეს სწავლება "ვაშინგტონისა და სეულის მხრიდან, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მეორე სამხედრო პროვოკაციაა".
ფხენიანი პირველ სამხედრო პროვოკაციად მაისში საერთაშორისო საექსპერტო კომისიის მიერ სამხრეთ კორეული გემის დაღუპვაში ფხენიანისთვის პასუხიმგებლობის დაკისრებას მიიჩნევს. ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, რომ ასეთ პირობებში იგი იძულებულია დაჩქარებულად გააძლიეროს საკუთარი ბირთვული ძალები.
შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს, იაპონიის ზღვაში სამხრეთ კორეის ნაპირებთან იწყება აშშ კორეის ერთობლივი სამხედრო საზღვაო სწავლებები.