მოზარდთა დაცულობის, ბულინგისა და ძალადობის შესახებ ისაუბრეს თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მონაწილეობდნენ. მათ მოისმინეს უფროსკლასელთა მოსაზრებები და შეხედულებები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით და იმსჯელეს მათი აღმოფხვრის გზებზე.
შეხვედრაზე ითქვა, რომ სწავლის ხარისხი ჩვენი განათლების სისტემისთვის პრიორიტეტია, მაგრამ უმთავრესია ძალადობისაგან მოზარდების დაცვა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, პარლამენტში მზად არის სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმის საკანონმდებლო ბაზის სამუშაო ვერსია. მისი მიზანია სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერება, რადგან სწორედ სოციალური მუშაკია ის, ვისაც, როგორც წესი, მოწყვლადი ჯგუფები პირველ რიგში ეკონტაქტებიან სახელმწიფო წარმომადგენლებიდან. „ჩვენ ეს მიმართულება უნდა გავაძლიეროთ და ძალადობის პრევენციის კუთხით სწორედ სოციალური მუშაკი იქნება ის ვინც უნდა დაარეგულიროს ეს პრობლემა", განაცხადა მან.
სოფო კილაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა „ბავშვის კოდექსზე", რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. მისი თქმით, ეს იმდენად დიდი და კომპლექსური საკითხია, რომ უამრავი ადამიანი უნდა იყოს მასში ჩართული და კარგი იქნება, რომ მოზარდებიც ჩართონ ამ თემაში, როდესაც განსახილველი ვარიანტი იქნება მზად.
სოფო კილაძის განცხადებით, „ბავშვის კოდექსის მიზანია, პირველ რიგში, სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელიც არის დასავლური ცივილიზაციების ფუნდამენტი და სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს ცემენ. ასევე, სწორედ ქრისტიანული წიაღიდან მოდის ადამიანის ღირსების დაცვა, რომელიც არის ყველა სხვა უფლების საფუძველთა საფუძველი. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა აღვზარდოთ არა მხოლოდ განათლებული თაობა, არამედ ისინი, ასევე, უნდა მივაჩვიოთ შრომას, კეთებას, ეს იქნება შემოქმედება, სპორტი, თუ სხვა. მათ უნდა იცოდნენ რომ შრომით უნდა მიაღწიონ მიზანს და არა ერთმანეთის დაჩაგვრით და შეურაცხყოფით. ამის სამართლებრივი რეგულირება იქნება სწორედ ბავშვის კოდექსში მოცემული", განაცხადა სოფო კილაძემ.
მოსწავლეებს დაურიგდათ ფლაიერები შესაბამისი რეკომენდაციებით.