სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
IFES საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2012 წლიდან თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმართულებით.
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) ჩართული იყო პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში საექსპერტო და საკონსულტაციო კუთხით. გარდა ამისა, ორგანიზაცია ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებას, სამსახურის გაძლიერების მიზნით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართულ შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან მაისურაძე და პოლიტიკური პროცესების და საარჩევნო სამართლის ოფიცერი დავით ღონღაძე ესწრებოდნენ.