ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60%-ის აზრით, ქართული ტელეარხები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, 24% - აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 16% აცხადებს, რომ არ იცის.
რაც შეეხება ონლაინ მედიას, გამოკითხულთა 51% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ონლაინ მედია საშუალებები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, გამოკითხულთა 19% არ ეთანხმება, ხოლო 30%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
ამავდროულად, გამოკითხულთა 43% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ბეჭდური მედია (გაზეთები, ჟურნალები) ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 19% - იგივე მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 38%-მა - არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ცდომილების ზღვარია +/-1.9%.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
შედეგების მეორე ნაწილის პრეზენტაცია ხუთშაბათს, 18 იანვარს გაიმართება.