რუსეთის ქალაქ პერმიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები იწყება. ფრენებს ავიაკომპანია UVT Aero განახორციელებს, რომელმაც ყაზანიდან თვილისის მიმართულებით ფრენების სურვილი გასულ წელს დააფიქსირა, თუმცა ამ დრომდე ქართულ ბაზარზე ოპერირება არ დაუწყია.
პერმის აეროპორტიდან ახალი ავიარეისების დანიშვნაზე მსჯელობა სამთავრობო დონეზე 10 იანვარს შედგა, სადაც გადაწყდა, რომ აეროპორტი რამდენიმე ახალ მიმართულებას დაამატებს, მათ შორის იქნება საქართველოც.
როგორც პერმის მხარის ტრანსპორტის მინისტრი ნიკოლაი უხანოვი განმარტავს, რომ UVT Aero-თან მოლაპარაკებები უკვე შედგა და ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზაფხულიდან დაიწყებს.
მინისტრი არ აკონკრეტებს UVT Aero საქართველოში კონკრეტულად რომელი აეროპორტის მიმართულებით იფრენს, თუმცა GHN ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა, რომ UVT Aero ფრენებს პერმიდან ბათუმის მიმართულებით განახორციელებს და აღნიშნული მარშრუტზე ავიაკომპანია კვირაში ორ რეისს Bombardier CRJ-200-ით განახორციელებს, რომელსაც 50 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. UVT Aero-ს მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იქნება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი განმარტავენ, რომ ამ დროისათვის ავიაკომპანიას ფრენების დაწყებისათვის საჭირო ნებართვის მისაღებად შესაბამისი განაცხადი არ შეუტანია.