მრავალი წელია ქრისტეშობას, 7 იანვარს, ბათუმში ეწყობა ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა „ალილო“. დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია 2000 წელს აღდგა კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით. მსვლელობაში მონაწილეობს მოსახლეობა, მრევლი და სამღვდელოება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ალილოს მსვლელობა დაიწყება 12:00 საათზე ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით, გაივლის გრიბოედოვის, გორგილაძის, დემეტრე თავდადებულის, მემედ აბაშიძის, კონსტატინე გამსახურდიას, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებს. მსვლელობა დასრულდება საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში (ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის უკან), სადაც სამღვდელო პირები გადაიხდიან დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
დღესასწაულს შეუერთდებიან მუნიციპალიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები. ალილოს მონაწილეებს და მოსახლეობას აქვს საშუალება შეწირონ ძღვენი (ტკბილეული, ტანსაცმელი და ა.შ.), რომელიც შემდეგ დახარისხდება და დაურიგდება ბათუმის წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონისა და წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარებს.
მერიის გადაწყვეტილებით, 6 იანვრის ღამეს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, №4 და №11 მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას 00:30 საათამდე მოემსახურება.