მოლოდინის მიუხედავად ნავთობპროდუქტების ფასი არ შეცვლილა და "შავი ოქროს" ფასი სტაბულურობას ინარჩუნებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, რომ ზაფხულში მსოფლიოში ნავთობის ფასი ტრადიციულად მატულობს, რადგან ამ პერიოდისათვის იზრდება საწვავის მოხმარება, რაც დაკავშირებულია შვებულებების პერიოდის დაწყებასთან, როდესაც ხდება ტრანსპორტით აქტიური გადაადგილება. თუმცა დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ეს ფაქტორი გავლენას ვერ ახდენს ნავთობის ფასის მატებაზე.
"ბოლო 1 თვის განმავლობაში ნავთობის მსოფლიო ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს და ბარელზე76-77 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 6 თვის განმავლობაში ნავთობის მსოფლიო ფასი ბარელზე 70-80 დოლარის დიაპაზონშია. 2010 წლის 21 ივლისის ვაჭრობის შედეგებით ლონდონში InterContinental Exchange Futures-ze (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 75,37 დოლარი შეადგინა; ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ze (NYMEX) - Light Sweetl ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76,56 დოლარი ბარელზე", _ აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
მთვრალაშვილის თქმით, მსოფლიო სანავთობო ბაზარზე არსებული სტაბილური ვითარება, თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში გამყარდა და სტაბილურია აშშ დოლართან მიმართებაში, ჩვენს ბაზარზეც ადეკვატურ ვითარებას განაპირობებენ.
"რაც შეეხება პროგნოზს, უახლოეს პერიოდში საქართველოში საწვავის ფასების ცვლილება არაა მოსალოდნელი", _ აცხადებს მთვრალაშვილი
დღეისათვის საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასები შეადგენს:
სუპერი ტიპის ბენზინი - 1,95 - 2,00 ლარი/ლიტრაზე; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,90 - 1,95 ლარი/ლიტრაზე; ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,80 - 1,82 ლარი/ლიტრაზე; რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,70 - 1,80 ლარი/ლიტრაზე; ევრო დიზელი - 1,90 - 1,95 ლარი/ლიტრაზე; დიზელი - 1,72 - 1,80 ლარი/ლიტრაზე.