რატიანის ქეისმა დისონანსურად გაიჟღერა, უნდა იყოს მაღალი ობიექტურის ხარისხით გამოძიებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მწერლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ვიდეოს გავრცელება არასასიამოვნო მომენტი იყო.
„რატიანის ქეისმა დისონანსურად გაიჟღერა, უნდა იყოს მაღალი ობიექტურის ხარისხით გამოძიებული. ვიდეოს გავრცელება იყო არასასიამოვნო მომენტი, თუმცა ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე. მე არ ვიცი ამ საქმის სრული დეტალები სრულ ვიდეო ვერსიასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ვიცი, სრული ვერსიაც დევს სადღაც ინტერნეტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, საპოლიციო სისტემა მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, საპოლიციო სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების აქტიური ჩართვა. არის ნდობის პრობლემები, კითხვის ნიშნები. ჩვენი კარი ღიაა. ჩვენი მიზანია, მომავალზე ორიენტირებული სისტემის რეფორმირება. ეს არის უმნიშვნელოვანესი. მოქალაქეზე უნდა იყოს საპოლიციო სისტემა ორიენტირებული. როგორ გავაღრმავოთ ნდობა, ეს არის მთავარი“, – დასძინა გიორგი გახარიამ.