საპოლიციო რეიდების საკითხს "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი ბექა წიქარიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმიანება.
"ჯი-ეიჩ-ენი" ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ლევან აბზიანიძეს შარდმდენი აბები ძალით აყლაპეს ნარკოლოგიურში პოლიციელებმა, სამჯერ ზედიზედ იძულებით მოაშარდვინეს, მოკლეს. გამოძიებამ აბების კვალი კი იყო ორგანიზმში მაგრამ არ ვიცით მაგის გამო გაუსკდა გული, სტრესისგან თუ იმის გამო რომ სუსტი იყოო.
არავინ დასჯილა - გავატარეთ.
დემურ სტურუას გოდერძია პოლიციელმა ტერორით, წნეხით და ძალადობით თავი ხეზე ჩამოაკიდებინა, მოკლა. სასამართლომ ძაღლიშვილი გოდერძია გაამართლა. რა მაგის ბრალია თუ სტურუა სუსტი იყო და ვერ გაუძლოო.
არავინ დასჯილა - გავატარეთ.
პაატა პავლიაშვილი ნუცუბიძეზე პოლიციელებმა დაკავებისას უხეში ძალის გამოყენებით მოკლეს. სამინისტრომ დაკავების კადრებიდან მკვლელობის მომენტი ამოჭრა. გამოძიებამ პაატა ნამთვრალევი და სუსტი იყოო და რა პოლიციის ბრალიაო.
არავინ დასჯილა - გავატარეთ.
ხარაგაულში ამირან კვირიკაშვილს დემურ სტურუას მსგავსად ტერორით, წნეხით და ძალადობით ხეზე ჩამოაკიდებინეს თავი პოლიციელებმა, მოკლეს. აქაც, რა პოლიციის ბრალია თუ კვირიკაშვილმა ვერ გაუძლო წნეხს, რადგან სუსტი იყოო. პოლიციელები სხვაგან გადაიყვანეს სამუშაოდ.
არავინ დასჯილა - გავატარეთ.
დღეს, რეიდების შედეგებით აღშფოთებული ჩვენ, სრულიად ფეისბუქ საზოგადოება, კიდევ უფრო სუსტები მოვჩანვართ, ვიდრე ზემოთ ხსენებული სახელმწიფოს მიერ მოკლული ოთხი ადამიანი და ვერაფრით ვხვდები, თუ რატომ გაგვიმართლა და ვართ ცოცხლები.
გავატარეთ", - წერს წიქარიშვილი.