პოეტ ზვიად რატიანის მხარდასაჭერად, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პოეტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სხვებმა აქცია გამართეს. მათ რატიანის მიმართ პოლიციის ძალის გამოყენება გააპროტესტეს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.
მათი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოების დაკვეთა უნდა შეასრულოს.
ცნობისთვის, ზვიად რატიანის საქმის სასამართლო განხილვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაიდო.
პოეტი ე.წ. ძველი რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადვოკატის განცხადებით, რატიანს სხეულის დაზიანებები, ასევე ტვინის შერყევა აქვს, უჭირს გადაადგილებაც, რის გამოც, ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა. მისივე ინფორმაციით, რატიანმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა სახლში გამოიძახა, სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს ის საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რატიანი სამართალდამცავებმა თამარ მეფის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში ედება ბრალი.
პარალელურად, ზვიად რატიანის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ. რატიანის განცხადებით, რომელსაც ფიზიკური დაზიანებების კვალი ჯერ კიდევ ეტყობა სახეზე, ის სამართალდამცველებმა სცემეს.