სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილეზე იქადაგა.
"ხვალ არის დიდი დღესასწაული ჩვენი ერისა და ეკლესიის - არის 40 წლის იუბილე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან. დღეს კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ამ დღეს. იგი 40 წლის განმავლობაში და მანამდეც, როდესაც მღვდელმთავარი იყო, მიუძღოდა და მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, აღთქმული ქვეყნისკენ, უფლისკენ, სწორედ უფლის სიხარულში, უფლის სერობაში მონაწილეობისკენ. ამიტომ ვუსურვოთ დღეგრძელობა, სიხარული, გამარჯვებები და მასთან ერთად მოვესწროთ მრავალ გამარჯვებას ჩვენი ერისა ეკლესიისა და ჩვენს გამთლიანებას", - განაცხადა მეუფე შიომ.
პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში დღეს ლოცვა აღევლინება, ხვალ კი საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება.