პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე მოსმენით იმ დათქმით მიიღო, რომ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით კიდევ რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ.
ცვლილებების თანახმად, 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადა 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია.
წინადადება კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა დააყენა.
შეგახსენებთ, 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნარჩუნდებოდათ, ამ ცვლილებების შემდეგ კი ეს ვადა 1-ელ აპრილამდე გაიზარდა.