„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საპატრიარქო მთავრობის ფილიალია. მან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს მოუწოდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციას დაუჭირონ მხარი.
„მინდა, განსაკუთრებით მივმართო სამღვდელოებას, საპატრიარქოს, იქ არის უამრავი სულიერებაზე დღედაღამე მლოცველი, ბერი და მონაზონი, მაგრამ იქ არის ხალხი, განსაკუთრებით უმაღლეს იერარქიაში, რომლის ამოცანაა, მთელი ცხოვრება იყოს ყველა ხელისუფლების გვერდით. დადექით ხალხის გვერდით, ქრისტეს გვერდით, მოსცილდით ვერცხლს, ადამიანია ტაძარი პირველ რიგში. ცხოვრებაში ერთხელ, საპატრიარქოს ისტორიაში, ოპოზიციას დაუჭირეთ მხარი. როდემდე უნდა გრძელდებოდეს ის, რომ საპატრიარქო არის მთავრობის ფილიალი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს. როგორც მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მზად არის, ხალხს დაუბრუნოს დაკარგული დემოკრატია.
“ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელი და ეს ბრწყინვალე დღესასწაულები. დღეს იმაზე დიდი მილოცვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლისთვის მზადყოფნის გამოხატულებაა, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს. მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იყოს უკანასკნელი არჩევნები ბანკირ ოლიგარქებისთვის. ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის და ვაცხადებ მსოფლიოს გასაგონად, რომ ვიწყებ საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას. მზად ვარ, დავუბრუნო ხალხს დაკარგული დემოკრატია, სამართლიანობა, თანასწორობა, ახალგაზრდას წარმატება, ავადმყოფს წამალი,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.