პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური უძღვებოდა.
„პარლამენტს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს. გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომელთა განხილვაც ამ რიგგარეშე სესიის ფარგლებში უნდა მოხდეს. დღის წესრიგით განსაზღვრულია 79 საკითხის განხილვა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისი ინფორმაციით, არის საკითხთა მთელი წყება, რომლებიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უნდა განიხილოს. ეს ეხება კანონპროექტებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და ა. შ., რომელთა შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს წინა სხდომაზე იქნა მიღებული.
უკვე დამტკიცებულ დღის წესრიგს დაემატა შემდეგი საკითხები: პარლამენტის დადგენილების პროექტი „გრიგოლ ლილუაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“; კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (პირველი მოსმენა), კანონპროექტი დაჩქარებული წესითაა განსახილველი; კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც წლის ბოლომდე უნდა მიიღოს პარლამენტმა. ასევე დღის წესრიგს დაემატა კანონპროექტები - „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მეორე მოსმენა) და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მეორე მოსმენა).
ბიურომ ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები, რის შემდეგაც ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.