გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები, როცა პენსიონერი საკუთარი პენსიის უზრუნველყოფით იღებს სესხს, მას არ ჰქონდეს ძალიან მაღალი, არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ალბათ, გარკვეული რეგულაციები იქნება საჭირო.
"საპარლამენტო გუნდთან ერთად განვიხილეთ ის, რომ გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები, როცა პენსიონერი საკუთარი პენსიის უზრუნველყოფით იღებს სესხს, მას არ ჰქონდეს ძალიან მაღალი, არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ალბათ გარკვეული რეგულაციები იქნება საჭირო და ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ ამ ინიციატივებს. თუმცა რაც შეეხება იმას, რომ ერთ ბანკშია, ეს არის ტენდერი, რომელიც არის გამოცხადებული და თუ რაიმე პრობლემებია ამ მიმართულებით, მზად ვართ მათ შორის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ჩაერთონ და განიხილონ ეს საკითხები”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.