"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი კვლავ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას, საქმის დროულ გამოძიებას და ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.
დაზარალებულების ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და შპს „კალმარის“ დირექტორი დაზარალებულებს აიძულებდნენ, მოეწერათ ხელი განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, დაზარალებულები ადასტურებენ, რომ მათ არ ექნებათ პრეტენზია „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის და „კალმარის“ მიმართ ნივთების მოუძიებლობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობა და მოვაჭრეების პროდუქციის ძირითადი ნაწილი დაიწვა.
დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი 27 ივლისს დააკავეს. 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დირექტორს, 50-ათასლარიანი გირაო ხოლო შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.