გთხოვთ, ნუ წარმოვაჩენთ ამას [აფგან მუხთარლის საქმეს] სახელმწიფო პრობლემად, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დაინტერესდა.
ხოშტარიას თქმით, სახელმწიფოს ჩართვით მოხდა საგანგაშო დანაშაული აფგან მუხთარლის მიმართ, რომელმაც მთავრობას, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილს, "მოკითხვა შეუთვალა".
„სახელმწიფოს ჩართვით მოხდა საგანგაშო დანაშაული აფგან მუხთარლის მიმართ, რომელმაც მოკითხვა შემოგითვალათ. მუხთარლი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს და თქვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. ბევრი გამოუძიებელი საქმეებია, მაგრამ მუხთარლის საქმე ქვეყნის უსაფრთხოების თემაა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პრემიერმა ხოშტარიას საპასუხოდ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ გააკეთა მკაცრი და ადეკვატური რეაგირება ამ ინციდენტზე.
„გთხოვთ, ნუ წარმოვაჩენთ ამას სახელმწიფო პრობლემად. ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა, რაზეც ხოშტარიამ უპასუხა, რომ მისთვის ეს პასუხი მოსალოდნელი იყო.
ხოშტარიას თქმით, „გამოძიება წლები შეიძლება არ დასრულდეს, გასაგებია ეს ის პასუხია, რასაც ველოდით“.
ხოშტარიას რეპლიკის საპასუხოდ პრემიერმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში გამოუძიებელი საქმეები გაიხსენა.
„დაუსრულებელ გამოძიებების სია თუ გნებავთ, იმდენი დაუსრულებელი გამოძიება და ჩადენილი დანაშაული არსებობს. პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება იმ გუნდისგან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ცოტა უხერხულია. თქვენ დროს რომ ასეთი რამ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, არც ერთი თქვენგანი არ დატოვებდა თანამდებობას, თქვენ ვერ შეელიეთ ვერც ერთ თანამდებობის პირს გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ. და სანამ არ გამოვიდა ნახევარი თბილისი ქუჩაში, მოსაჩვენებლად არ დააპატიმრეთ ადამიანები, ვინც გარეული იყვნენ ამ საქმეში და ახლა რას მეუბნებით, მეტი რა უნდა გავაკეთოთ. ორი უმაღლესი ჩინის ადამიანი გათავისუფლდა და აიღეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კამათის დაწყებამდე, გიორგი კვირიკაშვილმა ელენე ხოშტარიას მიმართა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე "ნაციონალური მოძრაობა" ვერც ერთ თანამდებობის პირს ვერ შეელია, მანამ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა. მისივე თქმით, მსგავსი პოლიტიკური გუნდისგან, რაიმე პასუხისმგებლობაზე საუბარი ცოტა უხერხულია.