აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღეს, ენმ-ის წევრმა რეზო ხარაზმა ყალბი მონაცემებით მორიგი ბრიფინგი გამართა და საზოგადოების და მედია-საშუალებების კვლავ შეცდომაში შეყვანა სცადა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახური საპასუხო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მთავრობის სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ლილუაშვილი რეზო ხარაზის მიერ მოყვანილი მონაცემების სიყალბეზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე აკეთებს აქცენტს.
„მინდა საზოგადოებას თვალნათლივ ვაჩვენო, როგორ იტყუება რეზო ხარაზი იმ დროს, როდესაც აფრიალებს ფურცლებს. ეს არის მის მიერ გავრცელებული და თქვენთვის დარიგებული დოკუმენტი, სადაც კალმით აქვს გახაზული კატეგორია „პიკაპები“ და მიწერილი „ორი ცალი“. ერთი გრაფით ქვემოთ წერია შესყიდვების რაოდენობა „ერთი ერთეული“, საუბარია კატეგორია „პიკაპებზე“ და არა რამდენიმე პიკაპზე. რატომ დაწერა ორი, დაეწერა ოცი, ოცდაათი, ხო, თავისუფალია. შეუძლია მოიგონოს და კარგი მომგონებელია. კარგად თხზავს ზღაპრებს.
ეს არის მორიგი ტყუილი და მცდელობა, შეიყვანონ საზოგადოება სიცრუეში და რაღაცნაირად იმოქმედონ საზოგადოებრივ აზრზე. რეზო ხარაზს მინდა პირდაპირ გავცე პასუხი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის, ელექტრონული პროგრამიდან ამოღებული, სადაც ნათლად ჩანს, თუ რამდენ „პიკაპზე“ იყო გამოცხადებული ტენდერი.
რაც შეეხება მანქანების საჭიროებას: როგორც უკვე ყველამ კარგად გაიგეთ, საუბარია ერთ პიკაპზე და ერთ მეო-2 კატეგორიის სედანზე. მინდა ავუხსნა რეზო ხარაზს, რომ პიკაპი ეს არის ნახევრად სატვირთო მაღალი გამავლობის ავტომობილი, გამომდინარე იმ საჭიროებიდან, რის წინაშეც დგას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი. როგორც მოგეხსენებათ მთავრობა ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს მაღალმთიან აჭარაში, იქნება ეს გაზიფიცირება, ელექტროფიცირება, კურორტ გოდერძის განვითარება, ალპური ბოტანიკური ბაღი, მწვანე ტბის რეაბილიტაცია და ა.შ, ჩვენ ვდგავართ იმ საჭიროების წინაშე, რომ გვჭირდება მაღალი გამავლობის მანქანა და ამ საჭიროების წინაშე დავდექით სწორედ ნაციონალური მოძრაობის გამო. როდესაც ისინი მიდიოდნენ ხელისუფლებიდან, ყველა მაღალი გამავლობის ავტომობილი გაასაჩუქრეს, გადასცეს მუნიციპალიტეტებს და მთავრობის აპარატს არ აქვს არც ერთი მაღალი გამავლობის მანქანა. აქ არ არის საუბარი კომფორტზე და ფუფუნებაზე. ამ ტიპის მანქანები, როგორიცაა პიკაპი და სედანი სჭირდება მთავრობის აპარატის თანამშრომლებს უბრალოდ გადაადგილებისთვის.
რაც შეეხება მანქანის შეძენას ავთანდილ ბერიძისთვის-არ არსებობს ასეთი განმარტება! ეს არის მორიგი ტყუილი. ეს არის მცდელობა მიაბან სახელები მათ ტყუილებს, რომ უფრო დამაჯერებლად ჟღერდეს. ავტოპარკი აჭარის მთავრობის აპარატში უკანასკნელი წლების განმავლობაში არ განახლებულა. შესაბამისად, ამ საჭიროების წინაშე ვდგავართ და მომდევნო წლის ბიუჯეტში ეს გათვალისწინებული იქნება“
განათლების სამინისტროს რაც შეეხება, აქაც საუბარია მეორე კატეგორიის ორ სედანზე, აქაც არანაირ ფუფუნებაზე საუბარი არ არის. რეზო ხარაზს შეუძლია ისაუბროს რაზეც უნდა, ეს არის მუცლით მეზღაპრეობა, ეს არის ტყუილი „ - აცხადებს ბესიკ ლილუაშვილი.