,,ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ მომღერლების არჩევა გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხდებოდა”, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო კონცერტში წელს მონაწილეობას ბევრი მომღერალი მიიღებს. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ მომღერლების არჩევა გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხდებოდა. ეს პირადად ჩემთვის მავნე პრაქტიკაა, რაც ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია. გპირდებით, რომ წელს თქვენთვის ძალიან ბევრი საყვარელი მომღერალი იმღერებს. ასევე, არანაკლებ საგულისხმოა, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, თბილისის საკვანძო ქუჩები არ გადაიკეტოს, რადგან მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ 31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს თბილისის „მეტროპოლიტენი“ მთელი ღამის განმავლობაში მოემსახურება. ასევე, იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მისი თქმით, სადღესასწაულო კონცერტები დედაქალაქის სამ რაიონში - გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება. 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით კი, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც თბილისის მერიასთან ერთად, ბიზნესკომპანიები მონაწილეობენ.