სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირებას საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები ახორციელებენ.
ინსპექტირების მიზანია ობიექტის და მისი საქმიანობის შესაბამისობის დადგენა საავიაციო კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებთან. რა სახის საინსპექციო შემოწმებები ხორციელდება სამოქალაქო ავიაციის სფეროში და რა უფლებამოსილება აქვთ ინსპექტორებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საავიაციო საქმიანობის შემოწმება შემდეგი მიმართულებებით ხორციელდება: ▶ საჰაერო ხომალდის ინსპექტირება ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, ▶ თვითმფრინავის ბაქანზე ინსპექტირება, ▶ მარშრუტზე (ფრენისას) ინსპექტირება, ▶ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ინსპექტირება, ▶ავიაკომპანიის საბაზო ობიექტების ინსპექტირება, ▶აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული ავიაკომპანიის ავიაკტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის ინსპექტირება, ▶ საავიაციო პერსონალის საკვალიფიკაციო შემოწმება, ▶ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ინსპექტირება, ▶სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და მის მიერ გაწეული მომსახურებების ინსპექტირება, ▶აეროდრომის ინსპექტირება, ▶ საავიაციო სასწავლებლების ინსპექტირება, ▶ საწვავ-გასამართი საწარმოების ინსპექტირება, ▶ საავიაციო სამედიცინო დაწესებულებების ინსპექტირება და ▶ სახიფათო ტვირთების გადაზიდვების ინსპექტირება.
ინსპექტირება ტარდება როგორც პირის წინასწარი ინფორმირებით (გეგმიური ინსპექტირება), ისე ინფორმირების გარეშე (არაგეგმიური ინსპექტირება). გეგმიური ინსპექტირებების გეგმა ყოველწლიურად დგება სააგენტოს მიერ და ეგზავნება ინსპექტირების ობიექტს.
სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად შევიდნენ ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, შევიდნენ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვონ საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან, ასევე საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმონ პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბრონ ნებისმიერ პირს მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისი პროცედურების შეფასების მიზნით. ინსპექტირების ჯგუფის წევრები ერთობლივად ან სფეროების მიხედვით ნაწილდებიან და წარმართავენ საინსპექციო შემოწმებას ჯგუფის უფროსის ხელმძღვანელობით.
ინსპექტორი ვალდებულია დროულად და ინსპექტირების ობიექტის საქმიანობაში ხელშეშლის გარეშე შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, ინსპექტირებისას გამოიყენოს ინსპექტირების საკონტროლო ბარათი (Check-list), არგუმენტირებულად და კონკრეტული ფაქტებით დაასაბუთოს საკუთარი ქმედებები.
უარი ინსპექტირების ჩატარებაზე, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენაზე, ინსპექტირების ობიექტზე დაშვებაზე, ინსპექტირების პროცესის შეფერხება ან ინსპექტორის მუშაობაში უხეში ჩარევა შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ამ პირის საქმიანობაში ფრენის უსაფრთხოების და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით ნაკლოვანების არსებობა. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია გახდეს საავიაციო საქმიანობის ან შესაბამისი სერტიფიკატის/მოწმობის შეჩერების საფუძველი.
თუ ინსპექტირებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას ან სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას, ინსპექტორი უფლებამოსილია ნაკლოვანებების სრულ აღმოფხვრამდე და სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე ნებისმიერ პირს შეუჩეროს სერტიფიკატით (მოწმობით) ან სხვა საავიაციო დოკუმენტით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება.
ინსპექტირების შედეგები აისახება ინსპექტირების ანგარიშში. ანგარიშის შედგენისას ხდება ნაკლოვანების ჩამოყალიბება, მისი დონის განსაზღვრა, ნომრის მინიჭება და ამ ყველაფრის შესაბამის ფორმაში ასახვა.
შემოწმების დროს გამოვლენილ ნაკლოვანებებზე, სააგენტო პირს წერილობით აცნობებს და განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების გეგმა-გრაფიკი. ფრენების უსაფრთხოების შესაბამისი ინსპექტორების მიერ ხდება როგორც ვადების მონიტორინგი, ისე შესრულებული სამუშაოების გადამოწმება (Follow up).
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 31 მოქმედი ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ყავს.
გაიგეთ მეტი თქვენს უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცესებისა და პროცედურების შესახებ და იმგზავრეთ მშვიდად ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტით!