ავიაკომპანიები ვალდებულნი არიან ფრენის შესრულებამდე, უზრუნველყონ მგზავრების ინფორმირება უსაფრთხოებისა და ავარიული ვითარებისას გამოსაყენებელი მოწყობილობების განთავსების ადგილებისა და გამოყენების წესების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ავრცელებს.
"მისაბმელი ღვედების შეკვრა და გახსნა, ავარიული გასასვლელების რაოდენობა და განლაგება, საავარიო ჟილეტების, ჟანგბადის მოწყობილობების და სხვა საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის ადგილმდებარეობა და გამოყენების წესები - გაფრენისწინა ინსტრუქტაჟის სავალდებულო ელემენტებს წარმოადგენენ, როგორც საერთაშორისო ისე ჩვენი კანონმდებლობით. უსაფრთხოების საკუთარი პოლიტიკიდან და ფრენის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ავიაკომპანია უფლებამოსილია სხვა მითითებებიც გასცეს. ბორტის და მასზე არსებული სისტემების სპეციფიკიდან გამომდინარე გადამზიდველი უფლებამოსილია გაფრენისწინა უსაფრთხოების „ბრიფინგი“ ჩაატაროს ბორტგამცილებლების, აუდიო ან ვიდეო მხარდაჭერით, ერთ ან ორ ენაზე.
უკვე მრავალჯერ მოსმენილი უსაფრთხოების ზომების მიმართ მგზავრების ყურადღების მისაპყრობად, ავიაკომპანიები სხვადასხვა კრეატიულ ხერხს მიმართავენ და ეს ყველაფერი დიდი ხანია საჰაერო ხომალდის ბორტს გასცდა.
წარმოგიდგენთ ავიაკომპანია “KLM”-ის ფრენის უსაფრთხოების ვიდეოს და მოგიწოდებთ, რომ ყოველთვის ყურადღებით მოუსმინოთ თქვენი გადამყვანი ავიაკომპანიის მითითებებს!", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.