"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიმართ სექსუალური შევიწროების თაობაზე საჩივარი საოლქო კომისიამ არ განიხილა.
ორგანიზაციის ხელმძღვანლის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, კომისიამ განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროება არ იყო მათი განხილვის საგანი. მისი თქმით, სასამართლოში ვერ დადასტურდა სექსუალური შევიწროების ფაქტი, ყველა მოწმე უარყოფდა დამკვირვებელზე საუბნო კომისიის წევრის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას. მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ჩართული ათი ათასობით პირის გადამზადებისას ყურადღება უნდა გაამახვილოს სექსუალური შევიწროების საკითხებზეც.
"საოლქო კომისიამ განაცხადა, რომ ეს არ იყო მისი განხილვის სფერო. ჩვენ შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, გააუქმა ფოთის საოლქო კომისიის მიღებული გადაწვეტილება, თუმცა თავად შევიდა სექსუალური შევიწროების დეტალების შესწავლაში.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, როგორი რთული არის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალებისთვის დაამტკიცონ სიმართლე", - აღნიშნა ბენიძემ.
შეგახსენებთ, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” საოლქო კომისიას საჩივრით მიმართა, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი განეხილა, რადგან მისი ქმედება არ აკმაყოფილებდა კომისიის წევრის ეთიკურ მოთხოვნებს.