„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” გიორგი ქებურიას („ბირჟა მაფიას“) სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონების იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც დაშვებულია პირის ჩხრეკისთვის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის შექმნა ოპერატიული ინფორმაციის (ოპერატიული თანამშრომელი) საფუძველზე.
,,სარჩელში გამოკვეთილია რამდენიმე გარემოება, რომელიც ნათლად აჩვენებს ხსენებული დებულებების არაკონსტიტუციურობას, მათ შორის:
- სადავო ნორმების განმარტების საფუძველზე სასამართლო ჩხრეკის დაკანონების დროს სრულად ეყრდნობა მხოლოდ კონფიდენციალურ ინფორმაციას, ყოველგვარი სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დავალდებულების გარეშე, მაშინ, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია საკანონმდებლო შეზღუდვიდან გამომდინარე კონფიდენციალურობის ისეთი ხარისხით სარგებლობს, რომ შეუძლებელია მოსამართლემ შეაფასოს ჩხრეკის ღონისძიების მიზანშეწონილობა. სადავო ნორმა, რომელიც ოპერატიულ ინფორმაციას გადამოწმების შესაძლებლობის არარსებობის მიუხედავად, დასაბუთებული ვარაუდისა და შესაბამისად, ჩხრეკის ჩატარებისთვის ყველა შემთხვევაში საკმარის საფუძვლად მიიჩნევს, არღვევს პირადი ცხოვრების უფლებას, შეიცავს შეცდომების დაშვების შესაძლებლობას და საფრთხის შემცველია ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვისაც;
- სამართალდამცავი ორგანოს მიერ პირის პასუხისგებაში მიცემის პირადი დაინტერესების თაობაზე გონივრული ეჭვის შემთხვევაშიც კი სადავო ნორმებით დადგენილი წესის თანახმად, ბრალდებულს არ აქვს შესაძლებლობა, რაიმე ფორმით მოიპოვოს თუნდაც შეზღუდული წვდომა ოპერატიული ინფორმაციის წყაროს თაობაზე, რაც ბრალდების მიერ შემოთავაზებული ვერსიის უარსაყოფად მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს და რასაც ეფუძნება საგამოძიებო ორგანოს ჩხრეკა, მთავარი ნივთიერი მტკიცებულების მოპოვება, ასევე სასამართლოს არსებული პრაქტიკით გამამტყუნებელი განაჩენიც.
- კონსტიტუციის იმავე მუხლებთან წინააღმდეგობას იწვევს სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსიც, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის ითვალისწინებს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს ისეთი მტკიცებულების სახით, რომელიც თავის მხრივ ბრალის დამადასტურებელ არც პირდაპირ და არც ირიბ ჩვენებას არ წარმოადგენენ და მხოლოდ არაიდენტიფიცირებადი კონფიდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადმოცემის ფუნქციას ასრულებენ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, EMC მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20, მე-40 მუხლის მე-3 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს და შესაბამისად, აუცილებელია, არსებული საფუძვლებით ჩხრეკის ჩატარების გაუქმება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.