საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორსა და ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორს, რამაზ ქაცარავას რუსთაველის ეროვნულმა ფონდმა 2017 წელს საქართველოს საუკეთესო მეცნიერის წოდება მიანიჭა.
რამაზ ქაცარავამ შეიმუშავა პოლიმერების სინთეზის პოლიკონდენსაციური მეთოდის მე-3 თაობა - ე.წ. „აქტივირებული პოლიკონდენსაცია“.
ამასთანავე, მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ე.წ. „სილილური პოლიკონდენსაციის“ განვითარებაში.
აღნიშნულმა მეთოდებმა მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, რიგი მათგანი მოიხსენიება „ქაცარავას მეთოდის“ სახელწოდებით.
ამჟამად პროფესორ ქაცარავას გუნდი ამუშავებს სპეციალურ ნანოკონტეინერებს სამკურნალო პრეპარატების თვალში უმტკივნეულო შეყვანისათვის ჩაწვეთებით, ინექციის გარეშე (პროექტი წარდგენილია შრესფ-ის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსზე). მუშავდება ფიზიოლოგიურად აქტიური პოლიმერების მიღების ახალი მეთოდი ალკინ-აზიდური კლიკ-ქიმიის გამოყენებით.
რამაზ ქაცარავა ინტენსიურად თანამშრომლობს აშშ, იაპონიის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და ფირმებთან. მიღებული ახალი ბიოდეგრადირებადი პოლიმერული მასალები დანერგილია აშშ-ში “MediVas”, “SurModics”, “Intralytix”, “Svelte Medical Systems”, “Phagelux” კომპანიების და ჰოლანდიური Royal-DSM კომპანიის მიერ ქირურგიული და წამლების კონტროლირებადი მიწოდების სისტემების სახით.
ევროპის კლინიკებში დანერგილია ქაცარავას პოლიმერით (US Patents 6503538, 7304122, 7408018) დაფარული, რესტენოზის დამთრგუნავი წამლის გამომყოფი ვასკულარული სტენტი.
პრაქტიკული გამოყენებისათვის საქართველოში შექმნილია და რეკომენდირებულია ხელოვნური კანი “ფაგობიოდერმი”, აეროზოლური პრეპარატი “კოლადერმი”, რომლებიც გამოირჩევა ჭრილობის შეხორცების მაღალი პოტენციალით; ასევე, სოკოს სამკურნალო აეროზოლი “მიკოდერმი”.
როგორც წარჩინებული გამომგონებელი, რამაზ ქაცარავა დაჯილდოებულია WIPO-ს (მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის) ოქროს მედლით და ღირსების ორდენით მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.