საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და შვედეთის საგარეო უწყებებმა მინისტრების მისალოცი წერილები გაცვალეს.
წერილში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შვედ კოლეგას საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც საერთო ფასეულობებზე და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული, მუდმივად ვითარდება. „ჩვენი თანამშრომლობის გზაზე მიღწეული შთამბეჭდავი მიღწევების ფონზე, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ წარსული არ ქმნის ჩვენს კავშირებს, არამედ აწმყოც და მომავალიც, რადგან ორივე ქვეყანა იზიარებს საერთო ღირებულებებს და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შექმნას ესწრაფვის" - აღნიშნულია მისალოც წერილში.
მიხეილ ჯანელიძე წერილში საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე საუბრობს და კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ქართულ-შვედური მეგობრობა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარიდან იღებს სათავეს, კერძოდ როდესაც შვედეთმა პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა საქართველოში, ხოლო ათწლეულების შემდეგ სტოკჰოლმი ერთ-ერთი პირველი იყო იმ ევროპულ დედაქალაქებს შორის, სადაც საქართველომ დიპლომატიური მისია გახსნა.
დოკუმენტში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კმაყოფილებით აღნიშნავს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან თანამშრომლობასა და სხვადასხვა სფეროში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერას ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში.
მიხეილ ჯანელიძე მისალოც წერილში ხაზს უსვამს საერთაშორისო არენაზე შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის თანა-ავტორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
წერილის დასასრულს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოთქვამს სურვილს, რომ საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ფონზე, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.
თავის მხრივ, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ულოცავს მიხეილ ჯანელიძეს და ქართველ ხალხს.
წერილში მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა და გაძლიერდა. მარგოტ ვალსტრომი ხაზს უსვამს შვედეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული არჩევანისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ. მინისტრი ასევე საუბრობს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე მრავალი მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის, კულტურის და განათლების სფეროებში. როგორც მარგოტ ვალსტრომი წერილში აღნიშნავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში მნიშვნელოვანი ეტაპებია ევროკავშირთან და შვედეთთან ურთიერთობებში.
„ჩვენი დიალოგი ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში, მომავალი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს" - აღნიშნულია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგოტ ვალსტრომის მისალოც წერილში.
საქართველო და შვედეთის სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს 2017 წლის 19 სექტემბერს აღნიშნავენ.