თბილისში, პარლამენტის წინ, სადაც "პატრიოტთა ალიანსის" წევრები შიმშილობენ, ჭამა-სმის პერფორმანსი გაიმართება.
როგორც აქციის ორგანიზატორმა ლუკა გვაზავამ „ჯი-ეიჩ-ენ“-ს განუცხადა, მსგავსი პერფორმანსი ლიტველებმა გამართეს, სადაც საქართველოს და უკრაინის ოკუპაცია გააპროტესტეს. მისივე თქმით, დღეს "პატრიოტთა ალიანსი" მართავს შიმშილობის აქციას რუსთაველის გამზირზე, სადაც 89 წლის 9 აპრილს რუსებმა ქართველი ახალგაზრდები დახოცეს.
როგორც გვაზავა აღნიშნავს, ისინი უერთდებიან ლიტვლეებს და თბილისში, პარლამენტის წინ წარმოადგენენ იგივე პერფორმანსს, ლიტვის, უკრაინის და საქართველოს დროშებით.
"რამდენიმე დღის წინ, ლიტვაში რუსეთის მომხრეები შიმშილობდნენ, ადგილობრივმა, ნათლად მოაზროვნე ლიტველება მოშიმშილეების წინ გაშალეს სუფრა, სადაც წარმოდგენილი იყო ლიტვლის უკრაინის და საქართველოს დროშები.
დღეს "პატრიოტთა ალიანსი" მართავს შიმშილობას რუსთაველის გამზირზე, სადაც 89 წლის 9 აპრილს რუსებმა დახოცეს ჩვენი ახალგაზრდები, შესაბამისად მათი ხათრით, ლიტველების ხათრით რომელსაც არ ვავიწყდებით, ვუერთდებით ლიტვლეებს და წარმოვადგენთ იგივე პერფორმანსს, ლიტვის უკრაინის და საქართველოს დროშებით, ერთად ვართ ეს სამი ქვეყანა", - აღნიშნა ლუკა გვაზავამ.
პარლამენტის წინ პერფორმანსი 19:30 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსს" რამდენიმე მოთხოვნა აქვს, მათ შორის, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალსა და მოსკოვთან და ახალი პოლიტიკური ფორმატის: საქართველო-ნატო-რუსეთი ასამოქმედებლად შეიქმნას შესაბამისი სახელმწიფო კომისია.