საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე.
გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები.
18 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერს შეხვდა, ასევე - გაიმართა შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიევსა და ავღანეთის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ ღანისთან.