„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ორგანიზაციას (OGP) რომელიც 75 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, საქართველო ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს და ამ პოსტს საფრანგეთისგან 19 სექტემბერს ოფიციალურად გადაიბარებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ფოკუსირებულია ყოვლისმომცველ და ღია მმართველობაზე და საქართველოს თავმჯდომარეობა სწორედ იმ პროგრესის მიხედვით იქნა განპირობებული, რომელიც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს.
„ეს პერიოდი იქნება საქართველოს მხრიდან აქტიურად გამოყენებული იმისათვის, რომ
საქართველოს ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს იმ ასპექტში, რომ საქართველოს აქვს სერიოზული წარმატება ღია მმართველობის კუთხით, კერძოდ, ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში იქნა გატარებული კორუფციის აღმოფხვრის, ასევე სამოქალაქო და მომსახურების სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ 75 წევრ ქვეყანას ფართოდ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.