"წლების განმავლობაში ვიყავი მილანის ფეხბურთელი, მაღალანაზღაურებადი, არ დაგიმალავთ, 6 მილიონი მქონდა ხელფასი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ "არქი ჯგუფს" ორი ნაკვეთი მიყიდა.
როგორც მან აღნიშნა, ნუცუბიძეზე "არქი ჯგუფის" ერთ კორპუსი იმ ადგილზე შენდება, სადაც მისი მიწა იყო.
"არ არის ეს სწორი ინფორმაცია, თითქოს მიწის ორი ნაკვეთი მივყიდე, მე მივყიდე ერთი ნაკვეთი სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფს". ერთი კორპუსი შენდება იმ ადგილას, ნუცუბიძეზე, რომელიც იყო ჩემი საკუთრება, რომელზეც იყო რესტორანი აშენებული. მიწა 2006 თუ 2007 წელს მაქვს ნაყიდი, ესეც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მიწის გაყიდვას რაც შეეხება, მიწა მე გავასხვისე, ბიუჯეტი არ გამიძარცვია, ეს იყო ჩემი შემოსავლებით შეძენილი. წლების განმავლობაში ვიყავი მილანის ფეხბურთელი, მაღალანაზღაურებადი, არ დაგიმალავთ, 6 მილიონი მქონდა ხელფასი, ანუ რაღაცეები შემეძლო გამეკეთებინა, ვიყიდე და გავასხვისე. მეორე რომელ ნაკვეთზე საუბრობთ ეს არ ვიცი.
არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული ამ ტერიტორიაზე დასაშვები სამსართულიანის ნაცვლად რვასართულიანი კორპუსის მშენებლობის შესახებ. და მიზანმიმართულად ხდება სიცრუის ტირაჟირება.
მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. კანონის დარღვევა არ ყოფილა არც ერთ გადადგმულ ნაბიჯზე. ნებართვა მე არ მომითხოვია, მინდობილობა ჰქონდა მიცემული "არქი ჯგუფს" და მათ გააკეთეს პროექტიც და კოეფიციენტების შესყიდვაც", - განაცხადა კახა კალაძემ.