საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის წევრებს ირაკლი მექვაბიშვილის ბიოგრაფია გააცნო და აღნიშნა, რომ მისი ეს გამოცდილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას მნიშვნელოვნად გამოადგება.
სხდომაზე ირაკლი მექვაბიშვილმა აუდიტის სამსახურის განვითარების შესახებ საკუთარ პოზიციებსა და ხედვებზე ისაუბრა. ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, თუკი მას პარლამენტი ნდობის გამოუცხადებს, როგორც გენერალური აუდიტორი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე იზრუნებს.
ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა ოთხ ძირითად პრინციპსა და ღირებულებაზე იქნება დამყარებული - ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა.
„აუდიტის სამსახურის საქმიანობა დამყარებული იქნება ოთხ ძირითად პრინციპსა და ღირებულებაზე - ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა. აუდიტის სამსახურის ფუნქცია არ უნდა იყოს სადამსჯელო. ის უნდა იყოს პრევენციული ხასიათის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება აუდიტის სამსახურის თვისობრივი გადახალისება მოხდეს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ვიცი, რომ ამ კუთხით არის გარკვეული წინსვლა მეგობარი დონორი ქვეყნების დახმარებით. ამ მიმართულებას მაქსიმალურად გავაძლიერებ, რათა მოხდეს სამსახურის თვისობრივი გადახალისება - ჩვენ უნდა ვხედავდეთ ყველა სისტემურ რისკს საჯარო ფინანსებში, ხდებოდეს ამის ადეკვატური შეფასება და რეაგირება", - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ეფექტიანობის აუდიტის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მისი განმარტებით, ფინანსურ აუდიტთან ერთდ მას ექნება წამყვანი როლი იმისთვის, რომ შემუშავდეს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები, საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის ეფექტიანობის მიმართულებით. მისივე თქმით, გაიზრდება მონიტორინგი აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე. ამასთან, როგორც ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, უნდა გაიზარდოს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე რეაგირების მაჩვენებელი. „ჩვენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთდ შევიმუშავებთ მექანიზმებს იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს,"-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
კომიტეტის წევრებმა კანდიდატის მიერ წარმოდგენილ ხედვებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აუდიტის სამსახური, ისევე როგორც ომბუდსმენის ოფისი, საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისივე თქმით, მიღწევები, რომელიც აქვს აუდიტის სამსახურს, იქნება კარგი საფუძველი მომავალი განვითარებისთვის.
„საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, ჩვენ სრულად გადავდივართ საპარლამენტო მოდელზე, რაც ნიშნავს, რომ ორივე ამ ზედამხედველობის მექანიზმს ექნება კიდევ უფრო მეტი ღირებულება და მნიშვნელობა საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში. მე ასევე მინდა მცირე კომპლიმენტიც გითხრათ იმის გამო, რომ კერძო სექტორში წარმატებული და ასეთი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი მზად არის საჯარო სამსახურს დაუთმოს თავისი დრო და კვალიფიკაცია და ვფიქრობ ის მიღწევები, რომელიც აქვს აუდიტის სამსახურს, იქნება კარგი საფუძველი მომავალი განვითარებისთვის,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომელთა დიდი ნაწილი აუდიტის სამსახურსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებულ გეგმებს შეეხებოდა.
ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით შესწავლილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა და ზედამხედველობისა და დამოუკიდებლობის ფუნქციებიც შესაბამისად იქნება გაძლიერებული.
კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე წარმოდგენილი კანდიდატურის მიმართ პოზიცია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გამოხატა.
„ირაკლი მექვაბიშვილი არის უმაღლესი კლასის ფინანსისტი. ეს ჩანს მისი ბიოგრაფიიდანაც. მისი პრაქტიკა მნიშვნელოვნად წაადგება სახელმწიფო აუდიტის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებას. ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კარგი და ადეკვატური კანდიდატია შერჩეული.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის და ზოგადად, პარლამენტისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტი იყოს დამოუკიდებელი, პროფესიული და ობიექტური და უაღრესად მნიშვნელოვანია ვინ იქნება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ მექვაბიშვილის კანდიდატურა წარმოდგენილია ზუსტად და სწორად.
ვფიქრობ, რომ ის იქნება პროფესიონალი, ობიექტური და დამოუკიდებელი აუდიტორი და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს სახელმწიფო აუდიტს და სახელმწიფო აუდიტისა და პარლამენტის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. რაც ქვეყნის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს,"-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასამტკიცებლად ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრაში 9 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, აქედან რვამ მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა.