უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის წესებთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის საააგენტომ (GCAA) დაინტერესებულ ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კონულტაციების ფარგლებში, დეტალურად იქნა განხილული წესით გათვალისწინებული სავალდებულო ნორმები და სააგენტოში წარმოსადგენი დოკუმენტაცია. ამასთან სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლების მიერ დრონების ოპერატორებს განემარტათ საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესები, სივრცის სტრუქტურა და კლასიფიკაცია.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესებთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მზადაა კონსულტაციები გაუწიოს დაინტერესებულ ჯგუფებს, დრონების მფლობელებსა და ოპერატორებს. შეკითხვების შემთხვევაში, ასევე სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ. მისამართზე: flightstandards@gcaa.ge;
შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბრიდან ამოქმედდა დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციის ნორმები. თქვენ არ გესაჭიროებათ სააგენტოს თანხმობა თუ დაიცავთ „ღის კატეგორიის" შემდეგ პირობებს:
• ექსპლუატაციის სიმაღლე არ აღემატება 400 ფუტს (122 მეტრს) მიწის ზედაპირიდან;
• ექსპლუატაცია ხორციელდება არაუმეტეს 54 კმ/სთ (15 მ/წმ) სიჩქარისა;
• ექსპლუატაცია ხორციელდება პირდაპირი ხედვის არეში;
• ექსპლუატაცია ხორციელდება საქართვლოს აეროდრომებიდან არანაკლებ 6 კილომეტრის დაშორებით;
• ექპლუატაცია ხორციელდება პირის ან პირთა ჯგუფის თავზე ან ნებისმიერი პირისგან ჰორიზონტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული პირი ან პირთა ჯგუფი ასრულებს ექსპლუატანტის მითითებებს და იმყოფება ექსპლუატანტის მეთვალყურეობის ქვეშ;
• ექსპლუატაცია ხორციელდება საავტომობილო ან სარკინიგზო გზების თავზე და/ან მის გასწვრივ არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით;
• ექსპლუატაცია ხორციელდება შენობა-ნაგებობიდან ჰორიზინტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპლუატანტი ამ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა ან მიღებული აქვს თანხმობა აღნიშნული შენობანაგებობის მესაკუთრისგან;
• დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაკომპლექტებელი ნაწილები არის ქარხნული წარმოების და არ არის მოდიფიცირებული;
• დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდიდან არ ხორციელდება საგნების გადმოყრა და ნივთიერებების გაშხეფვა;
• დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდით არ ხორციელდება საგნების, სახიფათო ტვირთისა და ნივთიერებების გადატანა;
• დისტანციურად მართვადი უპილოტო საჰაერო ხომალდით არ ხორციელდება ბუქსირება;
• არ ხორციელდება საჰაერო და საპილოტაჟო ჩვენება;
• 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება სრულწლოვანი პირის ზედამხედველობის ქვეშ.
იმ შემთხვევაში თუ დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდებით თქვენს მიერ განსახორციელებელი საქმიანობა, სამუშაოების ტიპი, სერვისები და ა.შ. მოითხოვს ღია კატეგორიისთვის დადგენილი ექპლუატაციის ნორმებისგან განსხვავებულ პირობებს, თქვენ ექცევით სპეციფიკური კატეგორიის ქვეშ. აღნიშნული კატეგორია ამოქმედდება მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან. პირველადი თანხმობა ექსპლუატაციაზე გაიცემა 1 წლამდე ვადით, ხოლო ყოველი მომდევნო თანხმობა გაიცემა 2 წლამდე ვადით.
საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს ექვემდებარება რეგისტრაციას. უპილოტო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება იურიდიული პირზე ან ფიზიკურ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი. რეგისტრაციის მოწმობა ვარგისია უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის მანძილზე და არის უვადო. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის დადასტურება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. მონაცემთა ბაზაში შეტანილ უპილოტო საჰაერო ხომალდს ენიჭება ამოსაცნობი 5 - ციფრიანი ნიშანი. უპილოტო საჰაერო ხომალდზე გაიცემა „უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობა". რეგისტრაციის მოთხოვნები ამოქმედდება 2017 წლის 1 ნოემბრიდან.
თუ თქვენი უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა შეადგენს ან აღემატება 150 კგ-ს, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ხდება მოქმედი უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ფლობა. აღნიშნული კატეგორია ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, საჭირო ინფორმაცია იხილეთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდის შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/upiloto.php