„ქართული მარშის“ წევრები რუსთაველზე მდებარე კახა კალაძის შტაბის პიკეტირებით იმუქრებიან. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განმარტებით, ე. წ. ქართული მარში ხვალ მსვლელობას 13 საათზე, რუსთაველიდან ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიმართულებით დაიწყებს, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ და მსვლელობას „ქართული ოცნების“ კალაძის საარჩევნო შტაბის მიმართულებით გააგრძელებენ და შენობის პიკეტირებას მოახდენენ.
„ქართული მარშის“ წევრების მოთხოვნაა-აიკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და ეს ცვლილება კონსტიტუციაშიც დაფიქსირდეს.
სანდრო ბრეგაძემ ქართული მიწის გასხვისებაში მმართველი გუნდის ლიდერები დაადანაშაულა. მარშის წევრები უახლოეს მომავალში მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებასაც აანონსებენ.