„ნაციონალური მოძრაობის" წევრ, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი, ევრაზიაში - პუტინი.
მისივე მტკიცებით, ეს ტალღა იკრებს ძალას და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში.
„გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება, ჩავარდა მათი გეგმა, რომელიც მათ ქართველი და უკრაინელი ხალხის ზურგს უკან დასახეს... გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი, ევრაზიაში - პუტინი. ეს ტალღა იკრებს ძალას და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში.
საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი - ან მოიქცნენ, როგორც იქცეოდა უკრაინაში იანუკოვიჩი, საქართველოში ასლან აბაშიძე, რომელსაც პირადი პატიმრები ჰყავდა, ან მოიქცნენ ისე, როგორც იქნება ჩვენი ხალხის, ქვეყნის და უშუალოდ მათ პირად ინტერესებში. მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, დევნა, რომელიც დაკვეთილია პუტინის მიერ. დაუყოვნებლივ აღუდგეს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება,"- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი სააკაშვილის მხარდამჭერები საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და ის უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პოლიციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
გამოძიება სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანის მუხლითაა დაწყებული, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, საზღვარზე მასობრივი არეულობის შედეგად პოლიციის 11 თანამშრომელია დაშავებული. ამასთან, ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლის გარდა, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, გუშინდელი მოვლენები ასევე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.