საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთ-უკრაინის საზღვრის უკრაინულ მხარეს მხარდამჭერები ელოდებიან.
საზღვარზე უკრაინის ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ და სცენაზე სიტყვით გამოდიან.
ამასთანავე, სამართალმდაცავებმა სასაზღვრო პუნქტთან მოძრაობა "ფემენის" აქტივისტი დააკავეს. მას ერთ ხელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ხოლო მეორეში - მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ეჭირა, ხოლო შიშველ მკერდზე ინგლისურად ჰქონდა დაწერილი: "სულელები საზღვრებს გარეშე".
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჟეშოვში დაგეგმილი ბრიფინგი გააუქმა და პოლონეთ-უკრაინის საზღვრისკენ გაემართა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში გაბრუნებას გეგმავდა.
ამ დროისთვის, სააკაშვილი მეუღლის, შვილისა და დეპუტატთა ჯგუფის თანხლებით ავტობუსით კრაკოვეცის გამშვებ პუნქტში მიემგზავრება.