ან დანაშაულებრივი ”ნაციონალური მოძრაობა”, ან უმაქნისი ”ქართული ოცნება”. ”მგელი, მგელი მოდისო” არ იყოს, ყოველ არჩევნებზე გვეძახიან, რომ სააკაშვილი მოდის,-ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ”ქართული ოცნება” მის ციხეში ჩასმას არ აპირებს.
”სამწუხაროდ, საქართველოში ”ქართული ოცნების” მხრიდან გრძელდება მოსახლეობის დაცინვა და ხალხის მასხრად აგდება, კომედია და ადამიანების ნერვების მოშლა. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ”ქართული ოცნება” ჩვენ აშკარად და ურცხვად გვატყუებდა. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ პრემიერ-მინისტრების, იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარეების და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებები წლების განმავლობაში იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა საქართველოს ხელისუფლებას გადაცემული ჰქონდა მოთხოვნა სააკაშვილის ძებნასთან და ექსტრადირებასთან დაკავშირებით. გუშინ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ახლა საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მზაობა და მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაუგზავნა უკრაინის ხელისუფლებას. საქმე გვქონდა ”ქართული ოცნების” ტყუილებთან, საქმე გვქონდა რეალურად გარიგებასთან და ”ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაციასთან. საქმე გვქონდა იმასთან, რომ მოსახლეობის მოტყუების ხარჯზე, ხალხი ყველა არჩევნების დროს დაეშანტაჟებინათ, სააკაშვილი გამოეყენებინათ, როგორც საფრთხობელა და ადამიანები დაეყენებინათ არჩევანის წინაშე: ან დანაშაულებრივი ”ნაციონალური მოძრაობა”, ან უმაქნისი ”ქართული ოცნება”. ”მგელი, მგელი მოდისო” არ იყოს, ყოველ არჩევნებზე გვეძახიან, რომ სააკაშვილი მოდის. მოვიდეს და ჩასვას ”ქართულმა ოცნებამ” ციხეში, მაგრამ ”ქართული ოცნება” მის ციხეში ჩასმას არ აპირებს. არც არავითარი სურვილი აქვთ, რომ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდეს, თუნდაც მართლმსაჯულებისათვის წარდგენის მიზნით”, - განაცხადა ბურჯანაძემ.