კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას წერილით მიმართავს:
„როგორც მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის შუამავლობით 6 სექტემბერს სტრასბურგში დაიგეგმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტიტუციური რეფორმის საკითხზე შეხვედრა. აგვისტოს თვეში, ხელისუფლების ინიციატივით, თბილისშიმოეწყო მმართველი პარტიის და ოპოზიციის წინასწარი კონსულტაციები. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტიკურ პარტიებს სთხოვა წარმოედგინათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები საარჩევნო თემატიკიდან, რის ასახვასაც ისურვებდნენ კონსტიტუციური შესწორების პროექტში. ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი დღის წესრიგი, კერძოდ უმთავრესი საკითხი: პარლამენტის მაჟორიტარული სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით; გარდა ამისა, აგრეთვე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები: ბარიერის შემცირება 5%-დან 3%-მდე; საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობის შენარჩუნება; პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი; დღეს მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომ ცალმხრივად წყვეტს მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან და მე-3 მოსმენით იგივე პროექტი იქნება დამტკიცებული, რაც მე-2 მოსმენით იქნა მიღებული. ჩვენის მხრივ კვლავ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ პოლიტიკური დიალოგი და მონაწილეობა მივიღოთ 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებაში“, - ნათქვამია კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს მიერ ვენეციის კომისიაისადმი წერილში.