დღეს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება [ვენეციის კომისიასთან საბოლოო შეხვედრისა და შეთანხმების შესაძლებლობის გამოყენების გარეშე კონსტიტუციის ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით] ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გაწყვიტა კავშირი არა მარტო საკუთარ მოქალაქეებთან, არამედ გამოავლინა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების მიმართ, - ამის შესახებ განცხადებას "რესპუბლიკური პარტია" ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, დღევანდელი განცხადებით დაამტკიცა, რომ ის არასდროს იყო მზად პოლიტიკური დიალოგისთვის და დაადგა ტოტალიტარიზმისკენ მიმავალ უპერსპექტივო გზას.
"ქართული ოცნება ურყევად დაადგა ძალაუფლების მიტაცების გზას. საგანგაშო და შემაშფოთებელია, რომ ის არაფრად აგდებს როგორც საკუთარი მოქალაქეების ხმას, ისე საერთშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, რითაც სრულ იზოლაციაში აქცევს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.
ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებამ მოსთხოვოს პასუხი იმ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, რომლებიც სათავეში ედგნენ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესს. პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებელი კომისიის თავმჯდომარე, არის პერსონალურად პასუხისმგებელი მთელ პროცესზე. ცვლილებების მიღება მოხდა არა რეალური ჩართულობით და დიალოგით, არამედ შიდაპარტიული გარიგება/დაპირისპირების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეთა თითქმის ნახევარმა, 48 პროცენტმა, მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, არცერთი მათგანი არ იმსახურებს ასეთ უპასუხისმგებლო, ცრუ და მხდალ ხელისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.