საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს რედაქციული შესწორებებით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს, ამის შესახებ უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ექნება იმგვარი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციურმა პარტიებმა არ გასცეს პასუხი კითხვას, რა შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
"პასუხად, ოპოზიციამ წარმოადგინა რამდენიმე ულტიმატუმი, და ისიც საპარლამენტო უმრავლესობასთან დიალოგის განახლების წინაპირობად. ოპოზიციური პარტიების ამგვარმა კონტრპროდუქტიულმა ქმედებებმა შეუძლებელი გახადა საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციების გამართვა და შესაბამისად, დიალოგის განახლება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორ უმრავლესობის განცხადებაშია აღნიშნული. იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში დიალოგის პროცესი, ყოველგვარი აზრი დაკარგა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ.
"აღნიშნული შედეგი მით უფრო სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიამ გამოავლინა განსაკუთრებული გულისხმიერება საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კონსენსუსის მისაღწევად სტრასბურგში საგანგებო კონსულტაციების მასპინძლობა და მოდერირება შესთავაზა. საპარლამენტო უმრავლესობა მადლობას უხდის ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.