მმართველ გუნდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატურა შეარჩიეს.
საპარლამენტო უმრავლესობაში აუდიტის სამსახურის მომავალ ხელმძღვანელად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელის, ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა განიხილება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პარლამენტი მომავალ კვირაში, საგაზაფხულო სესიას გახსნის, სადაც თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა უნდა დამტკიცდეს.
ცნობისთვის, რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო კი, წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. გენერალური აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ორჯერ შეიძლება.
რაც შეეხება გენერალური აუდიტორის საქმიანობას, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონით, არ შეიძლება, გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, ან სხვა პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს.