,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის მზად არის ალეკო ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში შეაგროვოს 10 000 ხელმოწერა.
”მე ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს მთელი რესურსით სრულ დახმარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ უმოკლეს ვადაში შევაგროვოთ 10 000 ხელმოწერა და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩვენი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას. იგივეს მოვუწოდებ ყველა პროდასავლურ კანდიდატს. შეგახსენებთ, ამ არჩევნებში ჩვენი მთავარი მიზანია ერთად გავისტუმროთ თბილისიდან ”ქართული ოცნება”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ცესკო მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას 1 კვირაში სთხოვს.
ცესკოში კი განმარტავენ, რომ ელისაშვილმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.
,,21 აგვისტოს ცესკომ დადგენილებით მიიღო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომლის ერთადერთი მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივოს კანონის შესაბამისად მოქმედება.
რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღე, ანუ 1 სექტემბერი. ცესკომ, ასევე ზუსტად კანონზე დაყრდობით განსაზღვრა საჭირო ხელმოწერების ოდენობა 1% (თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 958729, ხოლო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა - 9587).
შესაბამისად, მერობის კანდიდატის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საარჩევნო პროცესის დაზიანებისგან. ამავდროულად ჩვენი ვალია, არავის მივცეთ მცდარი განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციის შესაძლებლობა”, - აცხადებენ ცესკოში.