გურიაში ავარიასთან დაკავშირებით ყაზახეთის მოქალაქე დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ჩაუტარდა ნარკოლოგიური გამოკვლევა და დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზები.
ცნობისთვის, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათთან სატვირთო ავტომანქანას მისაბმელი მოსძვრა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომანქანის 5 მგზავრი დაიღუპა. ამავე ავტომანქანის 1 მგზავრი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთივე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრები არიან.
გამოძიება 276 ე მუხლის 7-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 5 ან 5-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.