საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესპანელ ხალხს ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო სამძიმარს უცხადეს.
როგორც სამძიმრის წერილში კობახიძე აღნიშნავს, საქართველო აგრძელებს ამ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლას მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად.
"ვუსამძიმრებ ესპანელ ხალხს გუშინ, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვგმობ ამ შემზარავ თავდასხმას და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად. საქართველო აგრძელებს ამ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ესპანეთში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.