31 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. აბესაძეს ადვოკატები რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ. როგორც „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა, ისინი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ელოდებიან.
„ოთარ აბესაძეს რამდენიმე დღის წინ შევხვდით. შეხვედრაზე რა თქმა უნდა, გარკვეული გზები დავსახეთ, გარკვეული პოზიციები შევაჯამეთ. რაც შეეხება მოლოდინს, გამოძიების ეტაპზევე კვალიფიკაციის შეცვლას და შესაბამისად, ახალი კვალიფიკაციის ფარგლებში გადაწყვეტილებას ველოდებით. ახლა საქმის ძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, მაგრამ როცა ეს ინციდენტი მოხდა, ოთარ აბესაძე საჯარო მოხელე არ იყო. შესაბამისად, შერაცხული ბრალი სამართლიანი არ არის. ის ქრთამის ნაწილში ბრალს არ აღიარებს.
ოთარ აბესაძე ამ პერიოდისათვისაც ჯერ კიდევ შოკშია იმასთან დაკავშირებით, რაც მასთან მიმართებაში მოხდა. ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, თანამშრომლებს, იმ ადამიანებს ვინც მას ენდობოდნენ, დისკომფორტი რომ შეუქმნა, ამას ძალიან განიცდის“, - აცხადებს ლილი გელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე 11 ივლისს დააკავეს.