საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, შავ ზღვაზე, ერთი თვის (2017 წლის 1-31 ივლისი) განმავლობაში 176 ადამიანი გადაარჩინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის 106 საქართველოს და 70 სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
„ ბოლო 1 თვის განმავლობაში, მაშველების მიერ დამსვენებლების ზღვიდან უვნებლად გამოყვანის ყველაზე მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი ურეკში დაფიქსირდა, კერძოდ, მაშველებმა, პროფესიონალური და ოპერატიული რეაგირების შედეგად, 62 მოქალაქე (საქართველოს 23 და სხვა ქვეყნის 39 მოქალაქე) გადაარჩინეს.
• წყალზე მაშველებმა ქობულეთში, ეფექტური რეაგირების შედეგად, განსაცდელში მყოფი 24 ადამიანი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე, ზღვიდან გამოიყვანეს.
• ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანაპირო ზოლზე წყალზე მაშველებმა დახმარება 41 პირს - საქართველოს 25 და სხვა ქვეყნის 16 მოქალაქეს გაუწიეს.
• შსს-ს მაშველებმა ანაკლიასა და განმუხურში 45 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათ შორის იყო საქართველოს 40 და სხვა ქვეყნის 5 მოქალაქე.
• ფოთში ზღვაში განსაცდელში მყოფი ადამიანების გადარჩენის 4 ფაქტი დაფიქსირდა, 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.“ - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.