„სერგეენკო და საქართველოს მთავრობა უცვლელად იმეორებს ოკუპანტის პოზიციას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტრის განცხადება არის კიდევ ყველა იმ გმირის შეურაცხყოფა, რომლებიც დაეცნენ საქართველოსათვის.
„სერგეენკო და საქართველოს მთავრობა უცვლელად იმეორებს ოკუპანტის პოზიციას. ისინი ამბობენ, რომ მცოცავი ოკუპაცია საერთოდ არ არის, ხოლო ომის დაწყებაში ადანაშაულებენ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არ უნდა მეტყველებდეს რუსების ენით, არ უნდა მეტყველებდეს ოკუპანტების ენით. ეს არის კიდევ ყველა იმ გმირის შეურაცხყოფა, რომლებიც დაეცნენ საქართველოსათვის,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება.
"ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ამ ქმედებების აღწერისას გამოიყენება ტერმინი მცოცავი ოკუპაცია, რომელიც თავის საფუძვლით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის, ეს არის, სამწუხაროდ, იმ ფარგლების, იმ საზღვრების დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია გაუკეთა მაშინდელმა მთავრობამ. არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება",- განაცხადა დავით სერგეენკომ.